პერსონალური კომპიუტერი მისი
წინამორბედისგან გამოირჩევა ბევრი უპირატესობით, როგორიცაა სიმარტივე, საიმედობა,
დაბალი ფასი და სხვა. სწორედ ამ უპირატესობების გამო, გამოთვლითი ტექნიკა
ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში შეიჭრა, რამაც, თავის მხრივ, საინფორმაციო
ტექნოლოგიების განვითარების ტემპების არნახული ზრდა გამოიწვია.
პირველი
პერსონალური მიკროკომპიუტერი, სახელწოდებით"Altair", შეიქმნა
1974 წელს. ამ კომპიუტერის მწარმოებელი კომპანიაMITS დააარსა ედ
რობერტსმა. ფაქტიურად, "Altair" წარმოადგენდა
მიკროკომპიუტერის ასაწყობ კომპლექტს და ძალიან განსხვავდებოდა თანამედროვე
პერსონალური კომპიუტერებისგან. მას არ ჰქონდა კლავიატურა და მონიტორი.
მონაცემების შეყვანა ხორციელდებოდა წინა პანელზე მოთავსებული გადამრთველების
საშუალებით. ამ კომპიუტერისთვის პროგრამების ინტერპრეტატორი ბეისიკი კი შექმნა
კორპორაცია Microsoft-ის დამაარსებელმა - ბილ გეიტსმა.
1977 წლისათვის გამოვიდა
სხვადასხვა ფორმის კიდევ რამდენიმე პერსონალური კომპიუტერი:Tandy,
Commodore, Apple II. განსაკუთრებით საყურადღებოა კომპიუტერი Apple,
რომლის პირველი მოდელი ორმა ახალგაზრდა მეგობარმა სტივ ჯობსმა და სტივ
ვოზნეაკმა შექმნეს. 1976 წელს მათ დააარსეს კომპანია Apple
Computer, რომლის სამუშაო ოფისად გამოიყენეს ჯობსის მშობლების ბინის
ერთ-ერთი საძინებელი ოთახი. 1977 წელს მათ მიერ შექმნილი კომპუტერის შემდგომი
მოდელი Apple II გამოირჩეოდა კარგი დიზაინითა და
საიმედოობით. ეს იყო მსოფლიოში პირველი პერსონალური კომპიუტერი, ფერადი გრაფიკით.
ამ მოდელს დიდი წარმატება ხვდაწილად. უკვე 1980 წელს Apple Computer-ის
შემოსავალი შეადგენდა 117 მლნ. დოლარს.
1979 წელს
გამოვიდა Apple II-ის მოდიფიცირებული მოდელი Apple II
plus. ის წარმოადგენდა უკვე საკმაოდ დახვეწილ პერსონალურ კომპიუტერს,
რომელთანაც სპეციალური პლატების მეშვეობით შეიძლებოდა სხვადასხვა მოწყობილობების
(საბეჭდი, დისკური მოწყობილობის, ფერადი ტელევიზორის) მიერთება. Apple II
plus-თვის შექმნილმა "ელექტრონული ცხრილების" პირველმა
პროგრამამ სახელწოდებით VisiCalc გადააქცია ეს კომპიუტერი
სერიოზულ ინსტრუმენტად (მცირე ფირმების ბუღალტერიის წარმოებისათვის).
70-იანი წლების
ბოლოს პერსონალური კომპიუტერის გავრცელებამ გამოიწვია დიდი და პატარა ეგმ-ებზე
მოთხოვნილების შემცირება. ეს გახა IBM (Intelnational Business
Machines Corporation) ფირმის სერიოზული შეშფოთების საგანი და ამიტომ 1979 წლიდან
გადაწყვიტეს პერსონალური კომპიუტერების გამოშვება. კომპიუტერის მიკროპროცესორად
არჩეულ იქნა უახლესი Intel-8088მიკროპროცესორი;
ახალი პროცესორის
გამოყენებამ გაზარდა კომპიუტერის შესაძლებლობები, რადგან ის მუშაობდა 1 მბტ.
მეხსიერებასთან, ხოლო ყველა სხვა კომპიუტერი იყო 64 კბტ. შეზღუდული მეხსიერებით.
ამ კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა შემუშავებულ იქნა ფირმა Microsoft-ის მიერ. 1981 წლის
აგვისტოში გამოვიდა ახალი კომპიუტერი IBM PC და
ძალიან მალე დიდი პოპულარობაც მოიპოვა. ერთი-ორი წლის შემდეგ IBM PC კომპიუტერმა
წამყვანი ადგილი დაიკავა კომპიუტერული ტექნიკის ბაზაზე და პერსონალური კომპიუტერის
სტანდარტად იქცა. დღეს ასეთი კომპიუტერები (IBM PC-თან თავსებადი)
შეადგენენ მსოფლიოში წარმოებული კომპიუტერების 90%-ს.